top of page
თავისუფლება vs მშვიდობა (5).jpg
თავისუფლება vs მშვიდობა (7).jpg

გიორგი ფაჩუაშვილი

Irakli_Garibashvili_in_2016_edited.png

„მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.“

25 თებერვლის დილას პრემიერი ღარიბაშვილის ამ სიტყვებმა გამაღვიძა. ზოგადად, ტელევიზორის ხმა არ მიქმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ძილი დამირღვიოს, მაგრამ იმდენად ერთმანეთზე უარესი სიტყვები ისმოდა მის განცხადებაში, რომ ბოლომდე გამოვფხიზლდი. მაწუხებდა ლოგიკური კითხვა: რა საჭირო იყო უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან მეორე დღეს იმაზე მტკიცებით საუბარი, რომ საქართველო არ დაეხმარებოდა თავის მეგობარს? რა საჭირო იყო იმის მტკიცება, რომ საქართველო მორჩილად დახრიდა თავს რუსეთის წინაშე საერთაშორისო არენაზე?! თუნდაც რეალპოლიტიკის ნაწილი რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი და მართლა არ გვესურვებინა ეკონომიკის დაზიანება, მკაფიოდ ამ ყველაფრის ძახილი უკრაინის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას უფრო ჰგავდა.

წინა საღამოს ათასობით ადამიანი შეიკრიბა უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე. იგრძნობოდა, რომ შემდეგი საქართველო იქნებოდა, თუმცაღა, თავჩაქინდრული დგომა, იმის იმედით, რომ რუსეთი ვერ შეამჩნევდა, მას მოუმზადებელს დატოვებდა. ეროვნული ღირსების დასაცავად ქართველი ხალხი კიდევ ბევრჯერ შეიკრიბა და ყველას აჩვენა, ვის მხარეს იდგა ამ ომში. თუმცა, მაღალჩინოსნებმა და სახელისუფლებო თუ სხვა პრორუსულმა მედიებმა კვლავ გააგრძელეს ანტიუკრაინული განცხადებების კეთება. ერთი უფრო ომის თავიდან აცილებისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის შინაარსით ფუთავდა რიტორიკას, ხოლო მეორე დაუმალავად უჭერდა მხარს მოსკოვს.

ამ პერიოდში აქტიურად ვაკვირდებოდი სხვადასხვა ლიდერების განცხადებებს და გარკვეული კავშირები შევნიშნე. მაგალითად, უნგრეთის პრემიერი ორბანი ძალზე წააგავდა ღარიბაშვილს თავისი განცხადებებით. შეერთებულ შტატებში ბაიდენიც კი მკაფიოდ ამბობდა ომამდე, რომ ამერიკელ ხალხს არ ჩართავდა კონფლიქტში, თუმცა ეს უფრო სუსტი გამოვლინება იყო ზოგადი პრობლემის, რასაც რუსეთის წაქეზება ერქვა. გერმანიასა და საფრანგეთშიც მოვისმენდით ამგვარ რიტორიკას. ამ უკანასკნელში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა და ოპოზიციური კანდიდატი, მარი ლე პენი აქტიურად პრორუსულ ორბიტაზე იდგა. ბოლოს სერბეთიც გამოირჩეოდა უფრო ხისტად პროკრემლური განწყობებით. როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მედია-საშუალებებს გადავხედე და ანალოგიური სურათი დავინახე, გავაცნობიერე, რომ „აბა ომი გინდა?!“ მხოლოდ ქართული ფენომენი არ ყოფილა.

„აბა ომი გინდა?!“

277531377_10158114541580728_8432415777583553987_n.jpg

30 მარტს იმედის ცნობილმა წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ საკუთარი ინსტაგრამის გვერდის სიუჟეტში გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომლის დებულებაც შემდეგი იყო: „[აუცილებელი არჩევანის შემთხვევაში] რას აირჩევდით - თავისუფლება/Freedom, მშვიდობა/Peace.  

ამ გამოკითხვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ არასწორად აპირისპირებს ორ ცნებას, რომლის შორისაც აუცილებელი წინააღმდეგობა არ არსებობს. შეიძლება, თავისუფალიც იყო და მშვიდობაც შეინარჩუნო, მით უმეტეს, არსებულ კონტექსტში, როცა ომის დაწყების საფრთხის შესახებ მცდარი აღქმა მკვიდრდება. თითქოს რუსეთი არ იყოს დაკავებული უკრაინასთან ომით, რომელსაც ვერ იგებს და სხვაგან შეჭრის რესურსი გააჩნდეს. ეს სიუჟეტი არ იქნებოდა პრობლემატური ცალკე რომ აგვეღო, სხვა მოვლენების გაუთვალისწინებლად. თუმცაღა, იმედის ჟურნალისტისგან პირველად არ გვესმის ასეთი განაცხადი.

14 მაისს იმედზე სიუჟეტი გავიდა „მეორე ფრონტის“ შესახებ. საუბარი იყო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ საქართველოზე გაკეთებულ კომენტარზე, რომლის მიხედვითაც მან არ იცოდა საქართველოს სამხედრო ძალების მდგომარეობის შესახებ, თუმცა ხელისუფლებას უარყოფით კონტექსტში იხსენიებდა. მმართველმა პარტიამ ეს განცხადება საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობად შერაცხა, ხოლო იმედზეც ანალოგიური ნარატივი გაშუქდა. მოგვიანებით, იმავე სახელწოდების სიუჟეტი მიეძღვნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს. 23 მარტს გაკეთებულ განცხადებაში გიგაური ამბობდა, რომ საქართველოს უნდა გამოეყენებინა „შესაძლებლობის ფანჯარა“, რომელიც რუსეთის მარცხის შედეგად იხსნებოდა. იმედმა ეს კომენტარიც „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობას დაუკავშირა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს ამგვარი უფლებამოსილება არც გააჩნია. შესაბამისად, საფრთხეც ფიქტიურია.

Georgia-in-support-of-urkaine-day-12-8-3-22-BnW-final.jpg

"სამწუხარო რეალობაა, მთელ მსოფლიოში არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლა არის უკრაინაში, არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მით უმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური - ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ჯარი დგას, ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა"

ირაკლი ღარიბაშვილი

 Mariam Nikuradze/OC Media
17.03.2022
 

იმედმა შესაბამისი გამოკითხვა მოაყოლა ამ განცხადებას. გამოკითხულთა 63.5% ამბობდა, რომ გაუმართლებლად მიაჩნდა მთავრობის წინააღმდეგ გამართული აქციები, როდესაც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი იყო. იმედი არაა  ერთადერთი სახელისუფლებო მედია, რომელიც მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობით ქმნის ინფორმაციულ ველს.

POSTV-ზეც შევხვდებით ანალოგიური შინაარსის ნარატივებს. მაგალითად, პოსტივი ანალიტიკის 29 აპრილის სიუჟეტში პირდაპირ არის ნახსენები, რომ უკრაინელ მაღალჩინოსნებს “მეორე ფრონტის” გახსნა სურთ საქართველოში, ხოლო ეს ადამიანები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებად არიან წარმოჩენილები. ერთი მხრივ, პოსტივი ცდილობს შიშის გაღვივებას მოსახლეობაში და იმის წარმოჩენას, რამდენად დიდია ქართული ოცნების როლი მშვიდობის შენარჩუნებაში; ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიცია ირაცხება “ომის პარტიად”.

მოგვიანებით გაკეთებულ სიუჟეტში საუბარი იყო რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. აქ ყურადღება ძირითადად მხოლოდ უკრაინელების მიმართ მიყენებულ ზარალზე მახვილდებოდა და ფაქტების მანიპულირების მცდელობაც იკვეთებოდა. მაგალითად, საუბარი იყო, რამდენად დიდი ტერიტორია დაკარგა უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ და მანამდე რამდენად უკეთესად იყო ვითარება, მაგრამ ომის პერიოდში ხშირად რომ იცვლება გარემოებები ხმელეთზე, ეს ფაქტი უგულებელყოფილია.

 

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამგვარი სიუჟეტი კვლავ ზოგადი “მესიჯ-ბოქსის” განმტკიცებას ემსახურება, რომ საქართველოსაც ასე დაემართება, თუ “ომის პარტიამ” და მისმა გარე მოკავშირეებმა მოახერხეს აქ ომის გაჩაღება. თუმცა, როგორც ვახსენე, ამგვარი პროპაგანდა მხოლოდ ქართული ფენომენი არაა.

სერბეთი და უნგრეთი

ევროპის კავშირის წევრ უნგრეთშიც გვხვდება რამდენიმე სამთავრობო მედია, რომელიც მეტ ყურადღებას აქცევს პრემიერი ვიქტორ ორბანისა და მის მიერ წარმოქმნილი ნარატივების გაშუქებას. ასეთი სატეოლევიზიო არხებია M1, TV2, MTVA, ხოლო სოციალურ მედიაში - Origo, Magyar Nemzet, MTI. როგორც ქართული პროსახელისუფლებო მედიები, ისინიც “ომის პარტიებად” წარმოაჩენენ ოპოზიციას, რაც ორბანის პირდაპირი გზავნილია. M1-ზე ორბანის 30 წუთიანი მიმართვა 24 საათში 11-ჯერ გადმოიცა. მთავარ ოპოზიციურ კანდიდატ პიტერ მარკი-ზეის კი მხოლოდ 5 წუთი დაეთმო.

Screenshot (28).png

განცხადებაში ორბანი ამბობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ იყო კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანი გზა და მას არ შეუერთდებოდა. სანქციებს „ხარჯიანი ტრანსფორმაციაც“ კი უწოდა, რაც ძალზე წააგავს ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან მიერთება დააზიანებდა ჩვენს ქვეყანას და თვით ეს ზომა არაეფექტიანი იქნებოდა. ორბანმა ევროკავშირსა და ზელენსკის „მოწინააღმდეგეები“ უწოდა. მაისში მან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინაში მიმდინარე ომისგან წამოსული საფრთხის გამო და მოსახლეობას დაპირდა, რომ კონფლქიტში არ ჩაერთვებოდა. ამგვარი ნარატივიც წააგავს ჩვენთან გავრცელებულ პროპაგანდას „მეორე ფრონტის“ შესახებ.

"პირველი - დასავლეთი უკრაინაში ომს სამხედრო კუთხით ვერ მოიგებს. მეორე - სანქციებს რუსეთის დესტაბილიზაცია არ მოჰყოლია. მესამე - სანქციების ზიანი ევროპისთვის უზარმაზარია. მეოთხე - მსოფლიოს ქვეყნები უკრაინისა და აშშ-ს უკან არ ჩამწკრივებულან..."

61991585_303_edited_edited.png

ეს კი ალტინფოს ეთერში 19 აგვისტოს გაშუქებული უახლესი განცხადებაა, რომელიც ვიქტორ ორბანს ეკუთვნის უკრაინასთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, აქცენტი სამხედრო ფაქტორზეცაა გაკეთებული და სანქციების უუნარობაზეც. ასევე, ნათქვამია, რომ მსოფლიო უკრაინას არ დაეხმარება. ყველა ხსენებული ცნება კარგად ჯდება "მეორე ფრონტის" ნარატივის პრიზმაში და არამხოლოდ ალტინფოს, არამედ ჩვენ მიერ გარჩეული სხვა მედიების რიტორიკას ემთხვევა.

მორიგი საერთო მახასიათებლები სერბეთთან გამოვლინდა. თუმცა, არახალია, რომ სერბეთი გამოირჩევა პრორუსული განწყობებით და ჯერ არც „ევროპული ოჯახის“ წევრია, რაც მასთან საერთოს ქონას არც ისე საამაყოს ხდის. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, იგი ფლობს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსს. სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმაც დასძინა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდებოდა სანქციებს. მიზეზად მანაც ეროვნული ინტერესები დაასახელა და დაამატა, რომ ეს დამოკიდებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებაზე - არა მხოლოდ ბრიუსელთან. ეს კი ირიბი მინიშნება იყო კრემლთან თანამშრომლობის სურვილზე. პროსახელისუფლებო მედიები აქაც აქტიურად იცავენ მთავრობის პოზიციას და ავრცელებენ პრორუსულ ნარატივს.

When Choosing a Hotel (1).jpg

თუმცა, უნგრეთი ევროკავშირის წევრია და საერთო პოლიტიკის გატარება უწევს. ამის ფონზე მუდამ სადაოა, რატომ ირჩევს მმართველი პარტია და მედია პრორუსულ  რიტორიკას - ორბანს ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში სდებენ ბრალს. სერბეთი კი რუსულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული, რაც დამატებით კითხვებს აღარც აჩენს. აი, საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია. იგი დამოუკიდებელია მოსკოვის გავლენისგან ბუნებრივ რესურსებში. ამასთანავე, მისი 20% ოკუპირებულია და მუდამ არსებობს რუსეთისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც დასავლეთთან თანამშრომლობით ბალანსდება. ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებად გვესახება. ამ სტრუქტურებში გაერთიანების სურვილს ეკონომიკური განვითარების მოტივიც თან სდევს. ეს არამხოლოდ ქართველების კეთილდღეობას, არამედ ოკუპირებული რეგიონების უკეთ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფო, მეტად მიმზიდველი გახდება ამ რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის. ეკონომიკური ძლიერების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

თუ დასავლური კურსია ქართულ რეალობაში გამოსავალი, მაშინ რატომ ვღალატობთ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს როგორც სამთავრობო, ასევე მასმედიის საკმაოდ დიდი ნაწილის დონეზე? ამის გასარკვევად საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერთან და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორთან,  გია ჯაფარიძესთან ვისაუბრე. მისი აზრით, საქართველოში ხელისუფლება და მის სათავეში მყოფი „არაფორმალური მმართველი“ ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ ამ გზით ცდილობს. გავრცელებული ნარატივებიც მხოლოდ საზოგადოების დაშინებისა და კონტროლის საშულებაა. მართლაც, მთავრობები, რომლებსაც სხვა არაფერი აქვთ შემოსათავაზებელი მოსახლეობისთვის, ხშირად იყენებენ ე.წ სეკურიტიზაციას, როდესაც ტყუილ საფრთხეს სახავენ, რათა ნდობა შეინარჩუნონ საზოგადოებაში. რუსულ პროპაგანდას საუკეთესოდ აქვს ამგვარი მეთოდოლოგია ათვისებული. სწორედ მასში მოვძებნით ამ ნარატივების საფუძვლებს.

რუსული პროპაგანდის საფუძვლები

რუსული პროპაგანდა საკმაოდ ჭკვიანურად აწყობილი გზავნილების ურთიერთკავშირზეა დამოკიდებული. არაა აუცილებელი, რომ იგი ჭეშმარიტ ლოგიკას შეიცავდეს. მთავარია, საკმარისად რაციონალურად მოვაჩვენოთ სამიზნე აუდიტორიას. მაგალითად, მოსკოვი აგებს მტრის ხატს, ამ შემთხვევაში, დასავლეთს, რომლის შიშითაც მოსახლეობასაც იმორჩილებს და საკუთარ აგრესიულ საგარეო პოლიტიკასაც ამართლებს. ხშირად ცნობილი დასავლელი ექსპერტებისგანაც მოვისმენთ მის პროპაგანდისტულ გზავნილებს. საქართველოშიც ანალოგიურ მეთოდოლოგიასთან გვაქვს საქმე.

პროსახელისუფლებო და პრორუსული მედიები მტრის ხატად ოპოზიციას ან პროდასავლურად განწყობილ ხალხს წარმოგვიჩენენ. თითქოს ისინი ქმნიდნენ “მეორე ფრონტის” გახსნის საფრთხეს. ეს მეთოდი ძალაუფლების შენარჩუნების საუკეთესო გზაა, რადგან ცვლილებებს უშლის ხელს არსებული ვითარების საუკეთესო ვარიანტად წარმოჩენის მეშვეობით. მას უწოდებენ “ფრეიმინგს”, რაც ამბავის გარკვეულ ჩარჩოში ჩასმას გულისხმობს, ისეთ ჩარჩოში, რომელიც შენს სასარგებლოდ მოქმედებს.

მორიგ მეთოდს “ვოთებაუთიზმი” ეწოდება და ითარგმნება, როგორც “რაც შეეხება”. იგი მთავარი საკითხიდან ყურადღების გადასატანად გამოიყენება. მაგალითად, რუსული პროპაგანდა კრიტიკულ შეკითვებს პირდაპირ არ სცემს პასუხს, რადგან კარგი პასუხი არ არსებობს. რუსეთის დანაშაულებზე როდესაცაა საუბარი, მაშინვე ნატო-ზე და აშშ-ზე მახვილდება ყურადღება. მათაც ხომ აქვთ ცოდვები?! ქართული ანალოგი ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში შეგვიძლია, ვიპოვოთ. სახელისუფლებო მედიებში ხშირად გვესმის, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც კითხვა ამჟამინდელს ეხება.

სწორედ ამ მეთოდოლოგიის ნაწილია “ვიქტიმიზაცია”, ესე იგი, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა. რუსეთსა და საქართველოში გავრცელებული ამ ტიპის ნარატივები სამწუხაროდ ძალზე ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში მოწინააღმდეგე და მჩაგვრელი დასავლეთია. ალტინფო პირდაპირ ამთხვევს გზავნილებს კრემლისტურ პროპაგანდას, თუმცა პოსტივი და იმედი იმგვარად წარმოაჩენენ, თითქოს დასავლეთზე პირდაპირი იერიში არ ხდებოდეს. როდესაც იმედზე “უცნობის” ჩართვა იყო, მან პირდაპირ დაასახელა მოწინააღმდეგეებად უკრაინელები და, მათ შორის, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც კრიტიკულ კონტექსტში მოიხსენია. ელჩზე შეტევა სახელმწიფოზე შეტევის ანალოგია. დეგნანის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ კი უწყვეტი სახე მიიღო. საქართველო მსხვერპლის ამპლუაში გამოჩნდა. მსხვერპლის, რომლის “ომში ჩათრევა” სურთ დასავლეთში.

 

გზავნილებით თამაში მრავალგვარადაა შესაძლებელი, თუმცა საშიშია, როდესაც რამდენიმე მედიაში შევხვდებით ერთსა და იმავე საკვანძო სიტყვებს, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ მათ შორის გარკვეული კავშირი არსებობს, ან ინტერესთა თანხვედრა შეინიშნება. მშვიდობისა და თავისუფლების ერთმანეთთან დაპირისპირება ხომ გაუგონარი რამაა?! ამ ისტორიასაც სიმბოლურად ვასრულებ ქვეყანაში, რომელიც მშვიდობიანიცაა და თავისუფალიც - შვედეთზეა საუბარი. რუსეთთან საკმაოდ ახლოსაა, ნატო-ს წევრი ხდება, მაგრამ ომში არავინ “ითრევს". საქართველოს ჯერ ასეთი მშვიდობა არ ღირსებია, თუმცა თავისუფლებაა ის, რაც ჯერ კიდევ შერჩენია და რითიც მოუწევს მშვიდობასთან შეგებება მომავალში.

2_jgufi.jpg
bottom of page